დასკვნა წმინდა კირილე იერუსალიმელი ამბობდა სატანისა და მის ქმედებებზე ანტიქრისტეს მეშვეობით: "სიცრუის მამა, ის ცრუ სასწაულთა მიერ შეეცდება აცდუნოს წარმოსახვა".
ხოლო ღირ. ეფრემ ასურელი თავის ჰომილიაში "უფლის მეორედ მოსვლის, სამყაროს აღსასრულის შესახებ" მსჯელობს:
"დიდი იქნება, ძმანო, ღვაწლი იმ ჟამს, განსაკუთრებით მართალთათვის, როდესაც თვით გველი თავისი უდიდესი ძალაუფლებით აღასრულებს ნიშებსა და სასწაულებს, როდესაც საშინელი მოჩვენებებით ღმერთად მოაჩვენებს თავს ყველას; იფრენს ჰაერში და დემონებთან ერთად, ვითარც ანგელოზი ამაღლდებიან მტარვალის წინაშე. დიდის ძლიერებით შეჰკივლებს, შეიცვლის სახეს და უზომოდ შეაშინებს ყველა ადამიანს. მაშინ დაატყდება, ძმანო, მას წმიდა და საშინელი მეორედ მოსვლა უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესი... ვინც ამ დღეებს გადაიტანს, ვინც დაითმენს დაუთმენელ გასაჭირს, ვინც იხილავს ერთა აღრევას, რომლებიც ქვეყნიერების კიდეებიდან მოვლენ მტარვალის (ანტიქრისტეს) სანახავად და თაყვანს სცემენ მას და თრთოლვით ეტყვიან: "შენ ხარ ჩვენი მაცხოვარი"!... ხოლო, უსირცხვილო იგი, მიიღებს მაშინ ძალაუფლებას და ქვეყნიერების ყველა კიდეზე დააგზავნის თავის დემონებს რათა იქადაგონ: "აჰა, მოვიდა დიადი მეფე თავისი დიდებით, იხილეთ იგი!"
ვის ექნება მაშინ ადამანტივით სული, რათა ვაჟკაცურად გადაიტანოს ეს საცთურები? გველის მარტო ერთი ხსენებითაც კი ვთრთი და ვძრწი, როდესაც გონებაში ვფიქრობ იმ ჭირვების შესახებ, რომელიც იმ დროინდელ ადამიანებს დაატყდებათ თავზე; ვფიქრობ იმის შესახებ, რამდენად სასტიკი იქნება კაცობრიობისთვის ეს მტარვალი გველი და როგორ გასასტიკდება უფლის წმინდანებზე (ანუ ჭეშმარიტ ქრისტეანებზე - ავტ.), რომლებსაც შეეძლებათ მისი მოჩვენებითი სასწაულებისადმი წინააღმდეგობა. რადგან მაშინ, მრავალი ღმრთისმოყვარე შეაფარებს თავს მთებსა და ხევებს ლოცვებითა და გულის შემუსვრილობით. ხოლო წმიდა ღმერთი, იხილავს რა მათ გამოუთქმელ გლოვას და ცრემლებს, ჭეშმარიტ და გულწრფელ რწმენას, მოიღებს მათზე მოწყალებას და ვითარც მზრუნველი მამა დაიცავს მათ იქ, სადაც თავს შეაფარებენ, მაშინ როდესაც ყოვლადბილწი და მზაკვარი გველი ყოველ ღონეს იხმარს მოძებნოს წმინდანები მიწასა და ზღვაზე რათა დარწმუნდეს, რომ უკვე გამეფდა მთელს დედამიწაზე და ყოველივე მის ფერხთქვეშაა. მაგრამ, ვერ გულისხმაყოფს უბედური თავის უძლურებას და იმ ამპარტავნებას, რომლისგანაც დაეცა, და განიზრახავს უბადრუკი, შებრძოლებას, როდესაც უფალი თავისი ძლიერებით გამოჩნდება ურიცხვ ანგელოზებთან ერთად. თუმცა, აღაშფოთებს მთელს დედამიწას, დააშინებს ყველას ცრუ და ჯადოქრული სასწაულებით.
იმ დროს, როდესაც გველი მოვა, მშვიდობა არ იქნება დედამიწაზე; გამეფდება საყოველთაო ჭირი, ქაოსი და გაურკვევლობა, სიკვდილი და შიმშილი ისუფევებს ყველგან, ყოველ კუთხეში. რადგან თვით უფალმა თავისი წმიდა ბაგეებით გვიწინასწარმეტყველა, რომ: "რადგან იქნება იმ დღეებში ჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან, რომელიც შექმნა ღმერთმა, დღევანდელ დღემდე, და არც იქნება" (მარკ. 13:19). როგორი მტკიცე სული უნდა ჰქონდეს იმ დროს ადამიანს, რომ შეინარჩუნოს სული ესოდენ საცთურთა შორის. რადგან, თუკი ადამიანი ოდნავ უდები და დაუდევარი აღმოჩნდება საკუთარი სულის ცხოვნების მიმართ, ადვილად მოექცევა ეშმაკის თავდასხმის ქვეშ და მტარვალის ცრუ სასწაულები დაატყვევებს".
შესაძლოა წმიდა მამის ეს წინასწარმეტყველებანი ზუსტად ეხებოდეს "Blue Beam" – ის სატანურ პროექტს და უფსკრულის ჯურღმულიდან ამომავალი კვამლიდან ("ბნელი მატერიიდან", იგივე პორტალ-კოლაიდერიდან) აპოკალიფსური კალიის (აპოლიონის, იგივე დემონთა) გამოსვლის შემდეგ, კაცობრიობას საკუთარ თავს კოსმოსიდან, პარალელური სამყაროდან მოვლენილ უცხოპლანეტელებად შემოასაღებენ... არქიეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი) ერთ ერთ თავის ქადაგებაში ამბობდა: "ბოლო ჟამს, ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ, სამყაროს დემონები შეიპყრობენ".
დე, დაგვიცვას უფალმა ყოველგვარი დემონური ხიბლისა და საცთურისგან!
ნუ დავივიწყებთ როგორი იქნება სატანური, ღმრთივმბრძოლი პროექტის აღსასრული (რომლის განხილვასაც მიეძღვნა ეს ნაშრომი): "წარმართნი გაშმაგდნენ და მოვიდა ჟამი შენი რისხვისა, რათა სანაცვლო მიაგო შენს მონებს - წინასწარმეტყველთ, წმიდათა და შენი სახელის მოშიშთ, დიდსა თუ მცირეს, და დაღუპო ქვეყნის დამღუპველნი" (გამოცხ. 11:18).
"როდესაც უწმინდურის სამწელიწადნახევრიანი ძალაუფლება ამოიწურება და დედამიწის ცდუნება დასრულდება, - გვამცნებს წმ. ეფრემ ასურელი, - წინასწარმეტყველების თანახმად, ვითარც ელვა, ზეციდან მოვა ჩვენი უფალი: წმიდა, უბიწო, საშინელი, დიდებული ჩვენი ღმერთი მისი შეუდარებელი ბრწყინვალებითა და სიდიადით, მთავარანგელოზთა და ანგელოზთა დასებთან ერთად, რომლებიც არიან ალნი ცეცხლისანი; და აღტყდება ცეცხლის მდინარე, ხოლო ქერუბიმები და სერაფიმები, ქვეყნიერების მხედველნი, რომლებიც სახესა და ფეხებს ცეცხლოვანი ფრთებით იფარავენ, თრთოლვით შესძახებენ: "აღსდეგით, მკვდარნო, სიძე მოვალს!" და გაიხსნებიან საფლავნი და ერთ წამში აღსდგება მკვდრეთით ყოველი ტომი ქვეყნისა და იხილავენ სიძის სილამაზეს. უთვალავნი ანგელოზნი და მთავარანგელოზნი - იხარებენ უდიდესი სიხარულით; წმიდანი და მართალნი, და ყოველნი ისინი, ვინც არ მიიღო გველის ბეჭედი, განიხარებს. ხოლო მტარვალი თავის დემონებთან ერთად, შეკრულ იქნება ანგელოზთა მიერ, ასევე ყველა, ვინც მიიღო მხეცის ბეჭედი, უკეთურნი და ცოდვილნი შეკრულ იქნებიან და წარსდგებიან საშინელი სამსჯავროს წინაშე. და მოისმენენ ზეციური მეფის განაჩენს, რომელიც არის სამარადისო წარწყმედა და ცეცხლის გეჰენა, - ტანჯვა დაუშრეტელი და მატლი დაუცხრომელი. ხოლო ყველა ისინი, ვინც არ მიიღო ბეჭედი ანტიქრისტესი, ყველა, ვიცნ იმალებოდა გამოქვაბულებსა და ხეობებში, განიხარებს სიძესთან ერთად მის მარადიულ და ნეტარ სანახებში ყველა წმინდანთან ერთად უკუნითი უკუნისამდე. ამინ".
|